ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა სამი ვიზიტი არ დააფინანსა ბიუჯეტიდან, რადგან ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, თუმცა არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პროკურატურაში
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა სამი ვიზიტი არ დააფინანსა ბიუჯეტიდან, რადგან ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, თუმცა არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პროკურატურაში

ჩვენ დღეს ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას, რაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი, თუმცა დემოკრატიის ეს ასპექტიც აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ დღეს ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის, არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი დარღვევა რეაგირების გარეშე და იმპიჩმენტის პროცედურა არის სწორედ ამის გამოხატულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში ისმენდა არგუმენტებს, რატომ დაირღვა უხეშად პრეზიდენტის მიერ კონსტიტუცია.

„საქართველოს საკონსტიტუციო საქმეა ფაქტის დადგენა, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი და მინდა, შეგახსენოთ, რა იყო ამ კაზუსის ფაბულა. კონსტიტუციის 52-ე მუხლი ითხოვს მთავრობის თანხმობის მიღებას, როდესაც პრეზიდენტს სურს ვიზიტის განხორციელება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული. ის რეგულარულად ითხოვდა თანხმობას. ამ შემთხვევაში, როდესაც მიდიოდა გერმანიაში, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად ის მაინც გაემგზავრა. დაირღვა კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი. ამას სჭირდება უმარტივესი ლოგიკა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში თქვეს ტყუილი, თითქოს პრეზიდენტმა სხვანაირად გადაიაზრა საკუთარი კომპეტენციები და თითქოს მას რამდენიმე თვის წინ უკვე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, რომ არ საჭიროებდა მთავრობის თანხმობა.

„მე შემიძლია, მოვიყვანო საპირისპირო ფაქტები. ეს სამი ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა არ დააფინანსა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ ეს ვიზიტები იყო კონსტიტუციური, ლეგიტიმური, რატომ არ გასწია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები. მას ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში და ჰქონდა მათი მხარდაჭერის იმედი, შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, თუმცა მას არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პროკურატურაში. ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევით, ის ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე, მინდა, შეგახსენოთ ლიტვაში გაკეთებული განცხადება, რომ ის არ იყო ფორმალურად უფლებამოსილი, განეხორციელებინა სამუშაო ვიზიტი. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებამდე, მან ორ ენაზე მიმართა ბელგიის მეფეს და აღნიშნა, რომ ბელგიაში ვერ წავიდა მთავრობის თანხმობის არარსებობის გამო. არის სამი მარტივი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტს ბოლო დღეებამდე გააზრებული ჰქონდა მისი სამუშაო ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა კობახიძემ.