ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიცია იყო, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი სწრაფად ყოფილიყო გაწვეული
პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, კანაფის კულტივაციის კანონპროექტი სწრაფად უნდა ყოფილიყო გაწვეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გუშინ უმრავლესობის შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.
„სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებს, კობახიძის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც გამოავლინა დამატებით საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებითაც, რომელსაც საარჩევნო პროცესში რეგიონებში თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.