ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ის პირდაპირ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებდნენ, პარალელურად კი, პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია საწინააღმდეგო გზავნილებით მიდიოდნენ.
კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება იყო საბოტაჟი, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად.
„გვახსოვს, რა გზავნილებით გამოდიოდა ის საქართველოს პარლამენტის შენობაში და ეს გზავნილები პირდაპირ მიდის კონკრეტულ კაბინეტებამდე ევროპულ დედაქალაქებში და ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ იმავე გზავნილებით მიდიოდა ის ევროპელ პარტნიორებთან. ანუ, ერთი მხრივ, იყო საქართველოს ხელისუფლება – პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, რომლებიც დადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში და ლობირებდნენ საქართველოს სასარგებლოდ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამასთან ერთად, დადიოდნენ რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც საწინააღმდეგო მესიჯებით მიდიოდნენ. მიდის მთავრობა და ამბობს, რომ მივყვებით გეგმას; მიდიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და ამბობენ, რომ არაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან ამ მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია დღესაც აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოებას, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
„დღემდე ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება – ეს მათი გზავნილებია, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებშიც კი, როდესაც პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, აქაც კი აგრძელებენ ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოებას, რაც მათ ბუნებაზე მეტყველებს. ისინი, რეალურად, ყოველთვის მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ახლაც ასე მოქმედებას აგრძელებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POS TV-ის ეთერში.