ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით, მიღებული პრაქტიკაა, ოლიმპიური თამაშები როცა სრულდება, ტარდება ოფიციალური მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კინკლაობაში ჩაითრიოს, რაც არ მოხდება.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, დღეს დააჯილდოვოს ოლიმპიელები და აღნიშნა, რომ ეს მოხდება მოგვიანებით, პარალიმპიელ სპორტსმენებთან ერთად.
„არ ვიცი, ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. შესაბამისად, აქტუალურიც არ არის ეს განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება კარგი პრაქტიკაა, რომელსაც ამკვიდრებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად.
„დაჯილდოება მისი (ზურაბიშვილის) საქმეა. როგორც მოგეხსენებათ, დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა, ამას როდის გააკეთებს, სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. რაც შეეხება უშუალოდ ორდენებით დაჯილდოებას, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. მახსოვს, 2021 წელს როცა გაიმართა ანალოგიური დახვედრა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით სპორტსმენების დაჯილდოება. მაშინაც გვყავდა ჩვენ დამსახურებული სპორტსმენები. მაგალითად, ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება არცერთი ორდენით. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, თითოეული მედალოსანი, თითოეული ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოებს, რომლებზეც ისინი წარვადგინეთ ჩვენ, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ. ალბათ ასე მოხდება, თუ არადა, ოთხ თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოვებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.