ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უმარტივესი კაზუსი ამოიხსნა, დადგინდა კონსტიტუციის დარღვევა, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანას შეუნარჩუნდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უმარტივესი კაზუსი ამოიხსნა, დადგინდა კონსტიტუციის დარღვევა, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანას შეუნარჩუნდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

„არის უმარტივესი კაზუსი, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დადგინდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია ამ გადაწყვეტილებით და ქვეყანას შეუნარჩუნდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ამ კონსტიტუციით არის დადგენილი. დანარჩენ პროცედურებს რაც შეეხება, პარლამენტში ეს საკითხი სავარაუდოდ ხვალ განიხილება. 100 ხმის მობილიზებას რაც შეეხება, პრაქტიკულად არარეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია. უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, ერთად იმუშავებენ ე.წ. კარწინკაზეც. ანუ ძლიერი სურათი რომ დავდგათ, მე შიგნით მარტო შევალ და თქვენ დადექით გარეთო. წარმოიდგინეთ, რომ „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი. აქედან ჩანს, რამდენად ძლიერია კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2012-2016 წლებში იყო პრაქტიკა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სამ მოსამართლეს. კობახიძის თქმით, გადაწყვეტილებები წინასწარ ჰქონდათ დალაგებული „ნაცმოძრაობის“ ინტერესების შესაბამისად.

„მაშინ თავმჯდომარე ერთსა და იმავე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ აბსოლუტურად ყველა საქმეს, რადგან წინასწარ იცოდა, კოლეგია რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ეს მოსამართლეები იყვნენ ვარძელაშვილი, ერემაძე და კოპალეიშვილი. ანუ კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში და წინასწარ ჰქონდათ დალაგებული გადაწყვეტილებები „ნაცმოძრაობის“ ინტერესების შესაბამისად. 2012 წლამდე რა იყო, ამაზე საერთოდ აღარ მინდა საუბარი. სამწუხაროა, რომ ასეთი მსგავსი პრაქტიკა გრძელდება. ერთი და იგივე სამი მოსამართლე, რომელიც ყოველთვის ერთიანად წერს განსხვავებულ აზრს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკური ინტერესი, ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს შემდგომ დაკვირვებას და ბუნებრივია, შემაშფოთებელია.

კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკური ინტერესი, ამას სჭირდება შემდგომ დაკვირვება და არის შემაშფოთებელი. ესეც საინტერესოა. ნახეთ, ამ მოსამართლეებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი, ანუ სასამართლოსგან განსხვავებული აზრი, შემდეგ მათ წააგეს საქმე სტრასბურგში. აქედან ჩანს, რომ ერთი – ისინი იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებული და მეორე – მათ გამოიტანეს უსამართლო გადაწყვეტილება, უფრო სწორად, დააფიქსირეს უსამართლო განსხვავებული აზრი. ჩანს, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება და იკვეთება, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, უსამართლოდ აფიქსირებენ განსხვავებულ აზრს. ერთი კი არა, ორი საქმე იყო, თუ არ ვცდები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი, იურიდიულად გაუმართავი. აქედან საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, მაგრამ მეტ სიღრმეში არ მინდა, შევიდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.