ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, ამიტომ, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა, მოსარჩელე არის მთავრობა და იმსჯელებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
კობახიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა თუ გათავისუფლების შემთხვევაში და ახლაც ეს პრინციპი იქნა დაცული.
„კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლებისას. რეალურად, ამ შემთხვევაში, ეს პრინციპი იქნა დაცული, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია. ბუნებრივია, მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა: „ვინაიდან სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ელჩის დანიშვნას, რომლის წინააღმდეგაც ის თავდაპირველად იყო, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გამოიტანოს“.
ირაკლი კობახიძის თქმით, მოსარჩელე არის ხელისუფლება და საკითხი მან უნდა გადაწყვიტოს. მისივე თქმით, სარჩელის გამოწვევა შესაძლოა, ლოგიკური იყოს.
„რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა. თუმცა, ამაზე არ ვიცი, საქართველოს მთავრობა იმსჯელებს, რადგან მოსარჩელე არის მთავრობა. თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, კონსულტაციებში მეც ჩავერთვები.
იურიდიულად ასეა, რომ კონსტიტუციურ ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტული საქმის, „ქეისის“ ჭრილში. ამ შემთხვევაში, ეს „ქეისი“ აღარ არსებობს, რადგან ბაქრაძე წარადგინა მთავრობამ და პრეზიდენტმა დანიშნა. აქედან გამომდინარე, არის იურიდიული ნიუანსები. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. კონკრეტული „ქეისი“ აღარ არსებობს, რასაც დაეფუძნება ზოგადი მსჯელობა ნორმასთან დაკავშირებით. იმსჯელებს საქართველოს მთავრობა და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდა და მომავალში ელჩები დაინიშნებიან იმ წესით, რა წესსაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს მიმართა.