ირაკლი კობახიძე - საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სისულელე თქვა, თურმე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა“.
„მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, იყო სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს. ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში, რომელმაც დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღესაა. ეს ყველაფერი ნათელს ჰფენს. დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ არ ვიყენებთ მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგ მომდევნო წლების განმავლობაში. საქმე ძალიან მარტივად არის. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის შედეგებს, ეს ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და განცხადებებში, სადაც დასავლური ინსტიტუტები ავრცელებენ. ეს განცხადებები, თითოეული მათგანი არის ქართული ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – განაცხადა კობახიძემ.