ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა
მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ, მათ შორის, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ რადიკალურ ოპოზიციაზე, ისე მათ უცხოელ მფარველებზე.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არიან ფხიზლად. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რათა ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, – განაცხადა პრემიერმა.