ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება, ღირსებით წინ, ევროპისკენ
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება, ღირსებით წინ, ევროპისკენ

სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ, ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ ღირსებით ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით, განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალებიან.

„ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქე, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც „ფრანკლინის კლუბში“ შეცდომაში შეჰყავთ. მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალებიან. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით, შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. წინ ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს.

„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო გახარია ან მერაბიშვილი, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით. რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა, მადლობა ღმერთს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მადლობა პოლიციელებს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ ფიზიკურ ძალადობას და, რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, ისინი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია, ორივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, დროულად გაეწია დახმარება“, – განაცხადა კობახიძემ.