ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბევრი კრიტიკული შენიშვნაა, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს, ეს შენიშვნები ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ბევრი ისეთი კომენტარია, რასაც არ ვეთანხმებით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყოველ წელს დაახლოებით ერთი და იგივეა თავისი შინაარსით. წლევანდელი ანგარიშიც არ განსხვავდება წინა წლების ანგარიშებისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წლევანდელ ანგარიშში ბევრი კრიტიკული შენიშვნაა, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს და ეს შენიშვნები მათთვის საყურადღებოა, თუმცა კობახიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ისეთი კომენტარია, რასაც არ ეთანხმებიან.
„მიჩვეული ვართ დაახლოებით ერთი და იმავე სტილის ანგარიშს, რაც არის წარმოდგენილი. ჩვენ ყურადღებით ვკითხულობთ ამ ანგარიშს, ბევრი კრიტიკული შენიშვნაა, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს და რა თქმა უნდა, ეს შენიშვნები ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ძალიან ბევრი ისეთი კომენტარია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. სამწუხაროა, როდესაც არიან კონკრეტული ე.წ ენჯეოები, რომლებიც რევოლუციურ გეგმებში მონაწილეობენ და ასევე ინფორმაციას აწვდიან პარტნიორებს. მათი შეხედულებები ხშირად ხვდება ხოლმე სამწუხაროდ მათ ანგარიშებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ტრაგიკული ამაში არაფერია.
ჩვენთვის ღირებულია ყველა შენიშვნა, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. რაც შეეხება უსაფუძვლო კრიტიკას, ამაზე გვექნება პასუხი. მათ შორის მტკიცებულებებიც არის მნიშვნელოვანი. როცა არის კრიტიკა, ჩვენ გვჭირდება ამაზე რეაგირება და იმისთვის, რომ რეაგირება იყოს საფუძვლიანი, მნიშვნელოვანია, მტკიცებულებებსა და ფაქტებს ემყარებოდეს შესაბამისი ჩანაწერები. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ მათგან კონკრეტული ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.