ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით, არ უნდა შევიდეს პოლიტიკაში, თუ დავინახავთ, რომ კანდიდატად ახალი ლომჯარიაა წარმოდგენილი, მხარს არ დავუჭერთ
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით, არ უნდა შევიდეს პოლიტიკაში, თუ დავინახავთ, რომ კანდიდატად ახალი ლომჯარიაა წარმოდგენილი, მხარს არ დავუჭერთ

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით, არ უნდა შევიდეს პოლიტიკაში, თუ დავინახავთ, რომ კანდიდატად ახალი ლომჯარიაა წარმოდგენილი, მხარს არ დავუჭერთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევისთვის მხოლოდ ორი კრიტერიუმი აქვს, რომ ახალი სახალხო დამცველი უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ ინსტიტუტს და პოლიტიკაში არ შევიდეს.

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ჩავარდეს ნებისმიერი კანდიდატი. ორმაგი ინტერესი აქვს ამ პარტიას. პირველი, რომ დღეს სახალხო დამცველის ოფისი მთლიანად „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ლომჯარია არ დარჩება თანამდებობაზე, რადგან ის ავტომატურად ტოვებს საკუთარ პოზიციას ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ რჩებიან მოადგილეები, სტაფი. ერთი რომ „ნაცმოძრაობა“ არაფერს კარგავს თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩა, მეორე – ისინი ამით ჩააგდებენ ერთ-ერთ პუნქტს. „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ აინტერესებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენ არ დავიწეროთ ქულები. ანუ თუ სახალხო დამცველი არ იქნება არჩეული, ისინი ორმაგ მოგებაში არიან. შესაბამისად, აქ მოცემულობა რა არის, რომ აქ საჭიროა ობიექტური დაკვირვება, რეალურად ვისი მიზეზით არ აირჩა სახალხო დამცველი. არჩევა, კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი უნდა მოგვწოდეს ჩვენც და ოპოზიციასაც. კონსენსუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ოპოზიციას ენდომება, ის უნდა ავირჩიოთ. ამიტომ აქ საჭიროა ობიექტური დამკვირვებელი. აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს არა იმაზე, თუ ვინ მოსწონს „ნაცმოძრაობას“, ასე აღარ გავაკეთებთ, ხუთი წლის წინ ასე გავაკეთეთ, როცა ლომჯარია ავირჩიეთ. აქ ისეთი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელიც თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“. ობიექტურმა დამკვირვებელმა უნდა განსაზღვროს ვისი ბრალი იყო კანდიდატის ჩავარდნა, თუ ასე მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა და წარმოდგენა მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პრეროგატივაა.

„პროცედურა არის ასეთი, რაც ჩვენ დავამტკიცეთ და შევთავაზეთ ოპოზიციას – თავიდან ბოლომდე კანდიდატების შერჩევა და წარმოდგენა არის მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პრეროგატივა. თავიდან ცხადდება ღია შერჩევა, ნებისმიერს შეუძლია, შემოიტანოს საბუთები. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ქულებით აფასებს თითოეულ კანდიდატს. აქ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი მექანიზმია წარმოდგენილი. ვიღაც თუ აიღებს 39 ქულას და ვიღაც 9 ქულას, პირობითად, რა თქმა უნდა, ეს გახდება განსჯის საგანი, ჩვენ თუ საბოლოო ჯამში უპირატესობას მივანიჭებთ 9-ქულიან კანდიდატს, ეს რა თქმა უნდა, ასე ვერ მოხდება, რადგან საზოგადოება დაინახავს. ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქულებით შეფასებისას უკვე სერიოზული ბერკეტი აქვთ მინიჭებული. ამის შემდეგ მოდის უკვე პროცედურა საპარლამენტო ოპოზიციასთან. ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი იქნება ჩართული. მხოლოდ ისინი ასახელებენ კანდიდატებს. რაც მეტი პარტიისგან იქნება მხარდაჭერილი კანდიდატი, მით უკეთესი. ამას მხედველობაში მივიღებთ. რაც მთავარია, უნდა მოგროვდეს საკმარისი ხმების რაოდენობა. ჩვენ შევხედავთ, რომელი პარტიების მიერ იქნებიან წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატები და ამის მიხედვით გავაკეთებთ არჩევანს. მთავარია, ჯერ შესაბამისი კანდიდატები მოწონებული უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, შემდეგ უკვე ოპოზიციური პარტიების მიერ, რის შემდეგაც ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას.

ჩვენ გვაქვს სულ ორი ინტერესი, რაც უკავშირდება სახალხო დამცველს, რაც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ, თუ მკაცრად არ დავიცავით. პირველი ის არის, რომ სახალხო დამცველი არ უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით. თუ დავინახავთ, რომ ახალი ნინო ლომჯარია არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, არც ერთ შემთხვევაში. თუ გვეცოდინება, რომ არის მაღალი რისკი, შევიდეს პოლიტიკაში და პირნათლად არ შეასრულებს საკუთარ ფუნქციას, ასეთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. მეორე, მნიშვნელოვანია, ისეთი კანდიდატი იყოს არჩეული, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტს, მის პრესტიჟს გაუფრთხილდება და სერიოზულად მოეკიდება საკუთარ საქმეს. ეს არის ის ორი ინტერესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. მათ შორის აქ ძალიან მარტივი პრაგმატული მიზეზი დევს. მიზეზია ის, რომ სახალხო დამცველი რა თქმა უნდა, კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, გვაქვს მხოლოდ ორი კრიტერიუმი, გაუფრთხილდეს საკუთარ ინსტიტუტს და პოლიტიკაში არ უნდა შევიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.