ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტად შევიდეს კონკურენციაში
საზოგადოებრივ მაუწყებელში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ნამდვილად საჭიროა, რათა მისი რეიტინგი გაიზარდოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ყველას არგუმენტები მოისმინეს, ყველა საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ.
„მთავარი არგუმენტი იყო, რომ თუ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები გვინდა, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებაც უნდა მივცეთ. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სწორედ ეს გახდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებების განხორციელება ნამდვილად საჭიროა იმისათვის, რომ მისი რეიტინგი გაიზარდოს. არ შეიძლება, 50 მილიონი ლარი იმ რეიტინგში იხარჯებოდეს, როგორც დღეს არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ინტერესია, რომ რეიტინგი გაიზარდოს, რაზეც მუშაობა მიდის. საკანონმდებლო ცვლილებები იმას ემსახურება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო მეტად შევიდეს კონკურენციაში და ბაზარზე და საკუთარი რესურსები უფრო მეტად განავითაროს“, – განაცხადა კობახიძემ.