ირაკლი კობახიძე - საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს, საარჩევნოდ რომ ყოფილიყო განკუთვნილი, 2024 წელს მოხდებოდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„საარჩევნოდ რომ ყოფილიყო განკუთვნილი, 2024 წელს მოხდებოდა. შესაბამისად, არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ძალიან დიდი ხანია, საჯარო სექტორში არ გაზრდილა ხელფასები და აქედან გამომდნარე, ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო სამსახურში, მათ შორის იმისთვის, რომ კორუფციის კუთხით იყოს ჯანსაღი მდგომარეობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, იყოს შრომის სათანადო ანაზღაურება და ამას ემსახურება ეს ინიციატივა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2026 წლამდე ყოველ წელს, სულ მცირე 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში მოხდება 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში.