ირაკლი კობახიძე - საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ათპროცენტიანი ზრდა, ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება
ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო ყოველწლიურად ათპროცენტიანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა ათპროცენტიანი მაჩვენებლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სტანდარტული ზრდის მიღმა, პირველი იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება.
„საბავშვო ბაღების პერსონალთან, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს პირველი იანვრიდან სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის და იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც სტანდარტული ზრდის მიღმა 100 ლარით გაიზრდება პირველი იანვრიდან მათი ხელფასები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.