ირაკლი კობახიძე - საგარეო პოლიტიკის თითოეულ საკითხს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვათანხმებთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის დროს, არ უპასუხიათ პოროშენკოს ინიციატივისთვის, რომ მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, ჩაერთოს.
კობახიძის განმარტებით, მთავრობასთან შეთანხმებით, ყველა საკითხი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება.
„ჩვენ შეხვედრაზე პასუხი ამ შემოთავაზებაზე არ გაგვიცია. ზოგადად, რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. თითოეულ საკითხს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვათანხმებთ. მთავრობასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და ყველა საკითხი ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, ჩაერთოს.