ირაკლი კობახიძე - საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში საკადრო ცვლილება პოლიტიკური დონე არ არის
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოსტი, რომელიც მღებრიშვილს ეკავა, პოლიტიკური არ არის, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, როგორი საკადრო ცვლილება განხორციელდება.
„ამ პროცესში პარლამენტის ჩარევის რესურსი მინიმალურია. ჩვენი გადასაწყვეტია არ არის, რა საკადრო ცვლილება განხორციელდება ამ დონეზე. ეს პოლიტიკური დონე არ არის, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კომენტარებიც შესაძლოა, ზედმეტი იყოს.
ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული, ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში შეიქმნება. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
პირველი არხის კითხვაზე – როგორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოდელი, კობახიძე პასუხობს, რომ სისტემას ახალი სტრუქტურა სჭირდება, რაც ახალი კონსტიტუციის ფარგლებშია ჩამოყალიბებული.
„ეს პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული, მაღალი დონის ორგანო უნდა იყოს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული”, – დასძინა კობახიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.