ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი საფრანგეთიდან იუწყება.
ირაკლი კობახიძე 20-წუთიან გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხებს.
როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით ეროვნული ასამბლეის წევრებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
„პარლამენტის თავმჯდომარე წარდგება ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე და საუბარი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. საგარეო ურთიერთობებში არსებულ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ტარდება.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, იმ სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც ამ რეგიონებში არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით ეროვნული ასამბლეის წევრებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
უმრავლესობის დეპუტატ სოფიო ქაცარავას თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან საფრანგეთი არის ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა და საქართველოს ინტერესებშია მისი მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს.
„მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდეს საფრანგეთის მხრიდან საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენი საგარეო პრიორიტეტების, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ, ეს ფორმატი და ეს საკომიტეტო მოსმენა სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომ ჩვენს კოლეგებს ეროვნულ ასამბლეაში მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.