ირაკლი კობახიძე - საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შპს „კოლორპაკში“
ირაკლი კობახიძე - საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შპს „კოლორპაკში“

დიმიტრი ქუმსიშვილს „პალიტრაში“ კონკრეტულ ხელმძღვანელ პირებთან ნათესაური კავშირი ჰქონია, ერთადერთი ეს მოვისმინე, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, ხომ არ უკავშირდება „მედიაპალიტრის“ კუთვნილ შპს „კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლა დიმიტრი ქუმსიშვილზე მასალების შეგროვებას.

„საერთოდ არ ვიცი, რა კავშირი აქვს. ერთადერთი მოვისმინე, რომ ნათესაური კავშირი ჰქონია დიმა ქუმსიშვილს კონკრეტულ ხელმძღვანელ პირებთან პალიტრაში. მეტი მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. აქაც იგივეა, ატყდება რაღაც აჟიოტაჟი, სინამდვილეში შევლენ სამართალდამცავი ორგანოები, ყველაფერი არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, შევლენ, დასვამენ კითხვებს. კითხვებს თუ გაეცემა პასუხები, როგორც ეს ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში იქნება ერთი განვითარება პროცესების, თუ არ გაეცემა, მეორე განვითარება. თუ დადგინდება, მაგალითად, დანაშაული, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოვლინდებიან დამნაშავეები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა დამნაშავე იყოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სჯობს, ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას.

„არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძეც. არ ვიცი, ვინ გამოვლინდება. შეიძლება ირაკლი კობახიძის დანაშაული აღმოაჩინოთ „პალიტრაში“. მე არ ვიცი, ვინ იქნება დამნაშავე. მთავარი რა არის, რომ გამოძიება ტარდება, გამოძიების დროს ისმევა კითხვები და ასე ტარდება ყველა გამოძიება ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი სტილი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია არ აქვს, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შპს „კოლორპაკში“.

„ძალიან გახსნილია როგორც პროკურატურა, ასევე – შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს არის, მათ შორის, ახალი ხელმძღვანელობის პირდაპირი, ღია პოლიტიკა, როგორც თადუმაძის, ასევე გახარიასი. შეგიძლიათ, მათ ნებისმიერი კითხვა დაუსვათ და ნებისმიერ კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „მედიაპალიტრის“ კუთვნილ შპს „კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლა პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ უკავშირდება.