ირაკლი კობახიძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაშიც კი არ აქვს ანალოგი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საერთო ინტერესს ეფუძნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საერთო ინტერესია უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაშიც კი არ აქვს ანალოგი.
„ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად, ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არამარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც. ამის მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როცა დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, რათა პროცესი სწრაფად დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რომ ოპოზიცია ითხოვს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, კობახიძე აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან კანონპროექტი მაქსიმალურად დახვეწილია.
„თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ შეიძლება, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დავაბრუნოთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.