საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეების არჩევის პროცედურა და კრიტერიუმები საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილა
საერთაშორისო პარტნიორებთან მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის, გერმანიის, ასევე აშშ-ის ელჩთან და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს კანონპროექტის მონახაზი გააცნეს.
„საერთაშორისო პარტნიორებს შევხვდით, განვიხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები. როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით წარიმართება მუშაობა. საერთაშორისო პარტნიორებს კანონპროექტის მონახაზი გავაცანით. აღინიშნა, რომ ზოგადად სწორი მიმართულებით მივდივართ. გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. მზად ვართ, შენიშვნები გულდასმით განვიხილოთ და ამის მიხედვით კანონპროექტს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
უახლოეს დღეებში მზად ვართ, გაფართოებულ ფორმატში განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად პროცედურა და კრიტერიუმები, რის საფუძველზეც კანონპროექტი უნდა შემუშავდეს. პირველადი ვარიანტი უკვე გავაცანით, სადაც გაწერილია როგორც კრიტერიუმები, ასევე პროცედურა.
ზოგადად, შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ასევე ხანგრძლივი პროცედურის გაწერას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის. ეს პროცედურა იქნება სტრუქტურული იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღების ქვეშ წარიმართოს თითოეული საფეხური, რაც უზრუნველყოფილია იმ ვარიანტით, რაც დღეს, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე წარმოვადგინეთ. რამდენიმე დეტალი იყო განხილული, რაზეც შენიშვნები გამოითქვა და ღია ვართ ამ საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.