ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორებს შევთავაზეთ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის
ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითიც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან კანონის შესახებ დისკუსიას.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. რაც შეეხება კანონს, კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია.
ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითიც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითიც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.