ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვლენ, შესაძლოა, მოთხოვნა იყოს „პისიარ“ ტესტირება, ორკვირიანი კარანტინი გამორიცხულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.
„ეს არის იმ ტიპის სპეკულაცია, რომელსაც არ ვიცი, არანაირი ახსნა აქვს, არც გამართლება და არც არაფერი. მიჩვეული ვართ უკვე, შესაბამისად, საზოგადოებაც უკვე აღარ რეაგირებს ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვლენ საქართველოში და უკვე დაწყებულია მუშაობა, რათა დამკვირვებლებისთვის სპეციალური პროტოკოლი მომზადდეს.
„პროტოკოლი იქნება ისეთი, რომ მინიმალური დაბრკოლება შეიქმნას. ანუ, მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას. ანუ, სპეციალური პროტოკოლი იქნება, რომელიც მინიმალურ დონეზე დაადგენს მოთხოვნებს და ალბათ მაქსიმუმი ეს იქნება „პისიარ“ ტესტი.
ფრენებთან დაკავშირებით მიიღება ის გადაწყვეტილება, იმის და მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება იმ კონკრეტულ მომენტში. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. შესაბამისად, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას.
თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს მაქსიმალურად ყველაფრის გახსნას. მიზეზი არის მარტივი – ბუნებრივია, მათ ინტერესებშია, რომ ეპიდემია გავრცელდეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათ სურთ არჩევნების გადადება.
ანუ, ძალიან მარტივად გაშიფრულია ამ შემთხვევაშიც მათი განზრახვა, თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს არა ამ ნეგატიური განზრახვის შესაბამისად, არამედ საკუთარი არგუმენტებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.