ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რა სურს არესტოვიჩს, მას უნდა მეორე ფრონტი, სააკაშვილის გათავისუფლების უკან ქვეყანაში ვითარების არევის სურვილია
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რა სურს ალექსეი არესტოვიჩს. კობახიძის განმარტებით, ალექსეი არესტოვიჩს უნდა საქართველოში მეორე ფრონტი.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რუსი ბლოგერისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებული აქციებით, რა შედეგი შეიძლება მიიღონ, რა ტიპის პოლიტიკაა ეს?“
„ყველამ იცის, რა უნდა, მაგალითად, არესტოვიჩს. არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი. პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ. როდესაც ვამბობთ, რომ ამ კამპანიის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვუსმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა. ამაში შეგვიძლია, ჩვენ ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ მათ ამის სჯერათ. შესაბამისად, ამ ყველაფერში არესტოვიჩის ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი სურვილი, ამ გათავისუფლების უკან არსებული სურვილი არის სწორედ ქვეყანაში ვითარების არევა და მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს“.
„ისინი არ ფიქრობენ ან თავის თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილი თუ ციხეში დაიღუპება, ყველა იტყვის, რომ ის მოკლეს. ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის ძლიერი ფაქტორი გახდება, პროვოკაციების, მასობრივი არეულობების, რევოლუციების და ა.შ. ჩათვლით, თუნდაც ასეც არ იყოს, არჩევნებზე ითამაშებს როლს“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.