ირაკლი კობახიძე - საარჩევნოდ სანქციების გამკაცრება ხდება ისეთი ფაქტების პრევენციისთვის, რასაც წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი
საარჩევნოდ წესები გამკაცრდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ფაქტების პრევენცია, რასაც წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივით ამომრჩევლის უფლებების მეტად დაცული იქნება.
„გამკაცრდა კანონმდებლობა, მათ შორის სისხსლის სამართლებრივი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, უფრო მკაცრად დასჯადია ყველა ის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ხმის ფარულობის დარღვევას, მათ შორის იყო შემთხვევები არჩევნების დროს, სხვადასხვა წლებში, როდესაც ამომრჩევლებს, მაგალითად აიძულებდნენ ეჩვენებინათ გახსნილი ბიულეტენი, ეს არის ხმის ფარულობის წესის დარღვევა, დაშინება, მუქარა. ეს წესები გამკაცრდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ფაქტების პრევენცია, რასაც წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მაქსიმალურად გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე მმართველი გუნდის ინიციატივაზე ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან სხვა განცხადებებს არც ელოდებოდა.
„ჩვენ არც ველოდით მათგან სხვა რამეს და არც თქვენ ელოდით მგონი მათგან სხვა კომენტარს“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
ოპოზიციაში კი, აღნიშნულ ინიციატივას გაუგებარს უწოდებენ და მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.