ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემის კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, როგორც მაჟორიტარებთან, ისე გუბერნატორებთან კონსულტაციები გაიმართა.
კობახიძის თქმით, ამოსავალი წერტილია ევროსაბჭოს სტანდარტი და თანაბრობის პრინციპის დაცვა.
„გუშინ მქონდა შეხვედრა როგორც მაჟორიტარებთან, ასევე გუბერნატორებთან. იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან ადგილობრივი სპეციფიკა და ყველა ფაქტორი, რომელიც ოლქების გადანაწილებასთან არის დაკავშირებული. მათთან გავიარეთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი და თანაბრობის პრინციპი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეს კონსულტაციები და მასში ჩართული იყო ყველა მაჟორიტარი დეპუტატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ სპეკულაცია და ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონსულტაციებს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი არ ესწრებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
„რაც შეეხება მათ თანხმობას, ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვისაც. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება და სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა, რაც მიღწეულია ახალ მოდელში. აქედან გამომდინარე, რაიმე წინააღმდეგობა მაჟორიტარების მხრიდან არ არის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული მხარდაჭერა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ერთი შემთხვევაა, სადაც განსხვავებული პოზიციაა დაფიქსირებული, თუმცა მთლიანობაში უმრავლესობაში არსებული განწყობა გვაძლევს იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. ბატონ კახასაც გავესაუბრებით და გვექნება საინტერესო დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს.
კობახიძის განმარტებით, ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა მიიღოს.
„საარჩევნო სისტემა არ იგებს არჩევნებს. ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ არა საარჩევნო სისტემით, არამედ – ამომრჩევლის მხარდაჭერით. ახალი მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ მყარი უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, ამ შედეგში. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.