ირაკლი კობახიძე - საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე
საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ, შემდეგ მუშაობა სიაზე გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს ყოველდღიური კოორდინაცია სჭირდება.
„საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე. საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. მათ შორის იმ კრიზისიდან ამოსვლას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. საზოგადოებას ეს აინტერესებს და არა ის კინკლაობა, რასაც პარტიებისგან ისმენენ. ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვინც მმართველი გუნდი დატოვა, ისინი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.