ირაკლი კობახიძე - საარჩევნო პროცესში დაძაბულობის შეტანის მცდელობა არის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები ემზადებიან არა გამარჯვებისთვის, არამედ გარდაუვალი მარცხისთვის
მეორე ტური თავისთავად ცხადყოფს არჩევნებში დემოკრატიის მაღალ სტანდარტს, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში 2012 წლიდან, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი იყო ცალსახა ლიდერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში. მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში, იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
„არის საარჩევნო პროცესში დაძაბულობის შეტანის მცდელობა. ამასაც მიჩვეული ვართ და ვიცით, რისი ნიშანიც არის ეს. ეს არის ყოველთვის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები ემზადებიან არა გამარჯვებისთვის, არამედ გარდაუვალი მარცხისთვის. მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ როგორც ამომრჩეველს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს მთაწმინდის ამომრჩეველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება ხდება, მათ შორის ოქროყანაში და რომ ოპოზიციას მტკიცებულებები აქვს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მეორე ტურთან დაკავშირებით ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პირველ ტურთან დაკავშირებით ვინ ახდენდა ასეთი პირების მობილიზებას, ეს შეგიძლიათ, კარგად მოიკითხოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია“.