ირაკლი კობახიძე - „საარჩევნო კოდექსი“ ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებას უზრუნველყოფს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით გათვალისწინებულია უამრავი ფუნდამენტური ცვლილება და კანონი უზრუნველყოფს, რომ საქართველოში ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო.
როგორც ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს დასრულდა რვათვიანი სამუშაო პროცესი.
„ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შედგა მოლაპარაკებების პირველი რაუნდები არჩევნების შემდეგ. პროცესი გაგრძელდა, როდესაც ვმუშაობდით შარლ მიშელის დოკუმენტზე და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ორ ადამიანს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ამ დოკუმენტის მომზადებისთვის, შალვა პაპუაშვილსა და ლევან იოსელიანს, რომლებმაც ძალიან აკადემიური მიდგომით უზრუნველყვეს ამ ძალიან დახვეწილი დოკუმენტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ პროგრესს საარჩევნო გარემოს ცვლილების თვალსაზრისით. კანონით გათვალისწინებულია უამრავი ფუნდამენტური ცვლილება და კანონი უზრუნველყოფს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში. ყველა პარტია მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება მიშელის დოკუმენტს, ეკუთვნის მადლობა. აქვე, სამწუხაროდ გვიწევს აღნიშვნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს ამ კანონს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.