ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს.
მისი თქმით, კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო.
კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო; იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით დაიწყებენ. თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.
ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.