ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წელი ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, ამ ფონზე, არასწორი, გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ
სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში. ამ ფონზე, არასწორი და გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ყველაფერი იყო სიყალბე.
„ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ორი წელი ატყუებდნენ საზოგადოებას, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლებოდა, ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ვუყურებდით მთელი ორი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე, სიყალბე. ამ ფონზე, როცა კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი, გაუგებარია. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. შესაძლოა, მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც, მაგალითად, რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.