ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრის გათავისუფლება ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება.

როგორც კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას.

„პოლიტიკურად ითხოვენ ჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და ეს ჩვენ ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლება. და ეს არის მათი მცდელობა. პოლიტიკური მოთხოვნა, მოსამართლის დაბულინგება და ასე შემდეგ, ეს არის მათი გზა. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა ვაქციოთ ეს საკითხი, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის გათავისუფლებას ან არგათავისუფლებას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სახელმწიფო უწყება პატიმრის მიმართ სათანადო მოპყრობაზეა პასუხისმგებელი.

„სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელია იმაზე, რომ პატიმრებს მოეპყრას სათანადოდ, არა ისე, როგორც ეპყრობოდნენ 2012 წლამდე, იმავე სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, არამედ როგორც ეპყრობიან ახლა და ეს არის უწყების პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პირველი, რასაც ვამბობდით წარსულში (მიხეილ სააკაშვილზე), ყველაფერზე კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს, ყველა განცხადებაზე, ყველა ფაქტის კონსტანტაციაზე, შეფასებაზე და ასე შემდეგ, ვაწერთ ხელს; მეორე, რაც შეეხება სამომავლო განცხადებებს, რაღაც მომენტში იძულებული ვიყავით, პოლიტიკური კომენტარები გვეკეთებინა იმ პოლიტიკურ კამპანიაზე, რომელსაც აწარმოებდა რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ, მე მგონი, ამის დროც აღარ არის, არავითარი პოლიტიკური დისკუსია ამ თემაზე არ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ვამბობ ძალიან მარტივად, რომ ჩემგან ამ თემაზე კომენტარს ვეღარ მოისმენთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო კომენტარს აკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ არ შეიძლება, ამ თემას პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს.

„მათ რომ აინტერესებდეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ამდენი ხანი არ ექნებოდათ წამახალისებელი კამპანია თვითდაზიანებასთან დაკავშირებით; მეორე, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც ზოგადად არასწორია. აქედან გამომდინარე, მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ბოლო კომენტარი, რომელსაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში, არ შეიძლება, ამ თემას პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ ამისთვის, მათი მიზანია პოლიტიზება, ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით. ევროკავშირის პირველივე მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, დეპოლარიზაცია გულისხმობს რადიკალიზმის შემცირებას, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოიშლიან საკუთარ სტილს და ეს სტილი გულისხმობს, რომ მუდმივად უნდა სცადონ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მშვიდობის დარღვევა. ეს მათი სტილი და მათი დავალებაა. აქედან გამომდინარე, ისინი მოქმედებენ საკუთარი დღის წესრიგით, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, განვითარების უზრუვნელყოფა. ამ დღის წესრიგს გავყვებით ჩვენ და რაც შეეხება ამ ტროიკას, თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, ისინი გააგრძელებენ თავიანთ მოქმედებას ისე, როგორც აქამდე აგრძელებდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართული შეხვედრის შესახებ.