ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, რადგან ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს
მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ამ დანაშაულების აღიარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან ჩამოშორების პირობას დადებს და დანაშაულებს აღიარებს, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ ჰუმანიტარული მიზნებით მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დანაშაულების აღიარება არარეალურია.
„რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს, სერგი თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას, მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელბახიანის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც შეიძლება, იყოს რაღაც ოცნებების სფეროდან, მაგრამ აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს. მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
მისივე თქმით, მმართველი გუნდისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვენ, „ქართულ ოცნებას“ კი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სხვა სამართლებრივი რესურსი, თუ ამნისტიის კანონს არ მიიღებს.
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გვთხოვენ ჩვენ, მაგალითად, გვთხოვენ ამნისტიის კანონს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. თეორიულად, შეიძლება, პარლამენტი შეიკრიბოს და მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი, რაც აქვს, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“. მე თეორიულად ვმსჯელობ ახლა, რომ ამ კაცს არ აქვს იმის რესურსი, აღიაროს სერგო თეთრაძის წამება, ვალერი გელბახიანის წამება, ადამიანების მკვლელობა. ვალერი გელაშვილის, ბოდიში. მგონი, გელბახიანსაც აწამებს, ისეთ დღეშია ის კაცი, ერთი წელია, ადვოკატად ჰყავს აბსურდულ საქმეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.