ირაკლი კობახიძე - სააკაშვილისგან მეშვიდე ანონსია საქართველოში ჩამოსვლასა და ქვეყნის არევაზე, ვერც ერთხელ ეს ვერ მოახერხა, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილისგან მეშვიდე ანონსია საქართველოში ჩამოსვლასა და ქვეყნის არევაზე, ვერც ერთხელ ეს ვერ მოახერხა, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს

ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს, რაც გაგვიკეთა სააკაშვილმა, ზოგადი შეფასება რომ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს.

„ეს არის მეშვიდე ანონსი მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლასთან, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით და ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა. ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს. მას აქვს ასეული მილიონი საქართველოდან წაღებული და ამ ფულს აბანდებენ ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ინვესტიციაც არის წარუმატებელი. მისი განცხადებების მნიშვნელობა არის “ოცნებისთვის” საჩუქარი და ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ ჩამოვიდეს ის მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.