ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.
ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს – იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არც უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს „მთავარი არხის“ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, – სააკაშვილთან დაკავშირებით რა ნაწილშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა? – რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით.
„ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით, სახელმწიფო უწყებები საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სააკაშვილი ახლა არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. „ნაცმოძრაობის“, მათი ლობისტებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა, იცით, რა არის? სააკაშვილი რომ ჩამოიყვანეს საქართველოში და ამის შედეგად ჩაჯდა ციხეში, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებებისკენ. გაიხსენეთ, თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერის და დღევანდელი ხელმძღვანელის მონოლოგი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, თუ რაიმე პრობლემა იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით – სააკაშვილი ჩამოიყვანეთ საქართველოში და მოწოდება იყო თვითდაზიანებისკენ. გახსოვთ, თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი არასათანადოდ იკვებებოდა, ეს იყო თვითდაზიანების გამოხატულება და თქვენი მხრიდან წამახალისებელი განცხადებები ისმოდა. შესაბამისად, აიღეთ პასუხისმგებლობა როგორც სააკაშვილის ჩამოყვანაზე, ასევე თვითდაზიანების მოწოდებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.