ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის რეჟიმმა და რუსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, სადაც ჩაიწერა, რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, სწორედ ეს იყო სინქრონული მოქმედება
სააკაშვილის რეჟიმმა და რუსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ერთსა და იმავე დოკუმენტებს, ესენი იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა. სწორედ ისინი მოქმედებდნენ სინქრონულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას: „აგვისტოს ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კრემლის წარმომადგენლები იყენებენ „ქართული ოცნების“ ციტატებს, რას ნიშნავს, რომ საერთო დღის წესრიგი აქვს საქართველოს და რუსეთს?“
„საერთო დღის წესრიგი ჩვენ დავინახეთ 2008 წელს, როცა ორმა ხელისუფლებამ, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის რეჟიმმა და რუსეთის ხელისუფლებამ, ორივემ ერთად მოაწერა ხელი ერთსა და იმავე დოკუმენტებს, ევროსაბჭოს რეზოლუციას და ტალიავინის დასკვნას. სწორედ ეს იყო სინქრონული მოქმედება. რეალურად, ამ დოკუმენტებით მოხდა აღიარება, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ოფიციალური პოზიცია, რასაც პირდაპირ ხელი მოაწერეს 2008 წელს. სწორედ ისინი მოქმედებდნენ სინქრონულად ამ პროცესში, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ მაშინდელი ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. ძალიან მძიმე ღალატია, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. „ნაცმოძრაობას“ აღიარებული აქვს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის ომი, ხელი მოაწერა ოფიციალურად დოკუმენტს. „ნაცმოძრაობას“ ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის მთელი კამპანია წარმართა იმაზე საუბრით, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობა“ და მისი პრეზიდენტი აღიარებენ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. ჩვენთვის ის ხომ არ არის მთავარი, ვის რა პოზიცია აქვს, მთავარია, ღალატი არ დარჩეს დაუსჯელი, მთავარია, გამოვიძიოთ ღალატი და სათანადო სასჯელი შეეფარდოს იმას, ვინც ჩაიდინა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებისათვის, რათა მომავალში ასეთი ღალატის ჩადენა ვეღარავინ გაივლოს აზრად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, „სააკაშვილის რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა“.
„სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა. შესაბამისად, ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს. მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჰააგისა და სტრასბურგის პროცესებზე დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები.
„ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები ჩვენ მოვიგეთ. ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, მეორე შემთხვევაში დადგინდა, რომ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს არის გამარჯვება, რაც მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ომის დაწყებაზე არ უმსჯელია არც ჰააგას და არც სტრასბურგს, ეს არ იყო მათი პრეროგატივა. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ გამარჯვებას ამ პროცესებში, დავიცავით ქართული სახელმწიფოს, ქართული ჯარის ინტერესები. ორივე პროცესზე დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ასეთი იყო პრინციპული გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ“, – განაცხადა კობახიძემ.