ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის რეჟიმი, თავისი არსით, დაპირისპირებული იყო ყველაფერ ქართულთან, 16 წლის წინ კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ „დიდგორობას“ მოაწერეს ხელი
დღეს აღვნიშნავთ „დიდგორობას“ და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ „დიდგორობა“ დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი, თავისი არსით, თავიდან ბოლომდე იყო დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან.
„ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ 16 წლის თავზე ცდილობ, რაღაც ცვლილებები შეიტანო იმ მოცემულობაში, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული. სხვანაირად ვერ აიხსნება, როდესაც შენ თვითონ იხსენებდი 8 აგვისტოს, ომის დაწყების თარიღს, თვითონ იხსენებდი კონკრეტულ თარიღთან მიმართებით სხვადასხვა ფაქტს და ახლა ცდილობ, ეს ყველაფერი შეცვალო. ეს მეტყველებს, რომ მათ სურთ, ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, ქვეყანა და მათ სურთ საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. ისინი თარიღების ცვლილებითაც ცდილობენ, გადაფარონ საკუთარი დანაშაული, რომელიც 16 წლის წინ ჩაიდინეს.
სხვათა შორის, საინტერესოა ერთი ფაქტი. დღეს აღვნიშნავთ „დიდგორობას“ და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ „დიდგორობა“ დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. აქედან ჩანს, როგორი კონტრასტია ამ ხელისუფლებისა ქართულ სულთან. სააკაშვილის რეჟიმი, თავისი არსით, თავიდან ბოლომდე იყო დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან და შემთხვევითი არ არის, რომ კაპიტულაციის შეთანხმებას მათ 16 წლის წინ, სწორედ „დიდგორობა“ დღეს მოაწერეს ხელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.