ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ხელისუფლება არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ
მიხეილ სააკაშვილი არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც ცხრა წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როდესაც არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ. შესაბამისად, მას ამისთვის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, კარგი იქნება თუ ჩამოვა და გაემგზავრება პირდაპირ, რომელი ციხე უწევს არ ვიცი, ერთ-ერთ ციხეში ეკუთვნის მას შესვლა. თუ ჩამოვა, ბუნებრივია, ხელისუფლებისგან პასუხი იქნება ეს, რადგან მას აქვს ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაული, რისთვისაც ის არის მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება აგრესიულ განცხადებებს, დესტრუქციულ განცხადებებს, მათ შორის შეტევას სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის მხრიდან, ასევე გვარამიას და ბერძენიშვილის მხრიდან, ესენი არიან ყველაზე მძიმე სახეები ამ ოპოზიციაში, ისინი პირდაპირ თავს ესხმიან, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მედიას, რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ბუნებრივია, ამასაც გაეცემა პასუხი, პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან. არავინ არ გაუტარებს ამ კრიმინალებს არც სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით, არც მედიაზე თავდასხმას“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, აიღებს თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელ ბილეთს მიხეილ სააკაშვილი, კობახიძე პასუხობს, „მარსზე გაფრინდება“.