ირაკლი კობახიძე - რუსულ კანონს რასაც უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ?!
ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მსგავსი კანონის მიღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ და მიდგომები მსოფლიო მასშტაბით ცოტა შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიდგომები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალსახად შეიცვლება, შესაბამისად, ამერიკიდან ვეღარავინ მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.
„ვფიქრობ, ეს მიდგომები ანალოგიურად აისახება ასევე ევროპულ მიდგომებზეც, ანუ იქაც აპირებენ იმავე კანონმდებლობის მიღებას. ჩვენ დღესაც ღია ვართ ამ დისკუსიისთვის. რომელიმე პუნქტზე თუ დაგვიმტკიცებენ, რომ რაიმე არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან ან ზოგად ფასეულობებთან, მაშინ, კი ბატონო. ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის არასწორი, რომ კაცი კაცია – არის არასწორი, ქალი ქალია – არის არასწორი. ცენზურაზე საუბრობდნენ. ორი მამაკაცის ინტიმური სცენა რომ არ შეიძლება იყოს ფილმში და არ შეიძლება ეს, მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვას, ეს ხომ ელემენტარული საკითხია. არა, არ შეიძლება შენ ეს აკრძალო და ეს არის ცენზურა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ კერძო ტელევიზიაში ჩვეულებრივად შეიძლება გავიდეს ფილმი, რომელიც შეიცავს ერთსქესიან ინტიმურ სცენას. მარტივ ჭეშმარიტებაზე გვაქვს საუბარი. როდესაც ევროკავშირის სახელით გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არის უბედურება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ის არის ბედნიერება, რაც უნდა აიკრძალოს, ვგულისხმობ ლგბტ პროპაგანდას, ეს ჩემთვის გამაოგნებელია.
ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ჩვენთან ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული, მათ შორის, რა თქმა უნდა, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. ყველას აქვს თავისი არჩევანი, თავისი ცხოვრების წესი, სახელმწიფო ამაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, ვერც განიკითხავს და განსჯის ადამიანებს იმის გამო, რომ მათ აქვთ ესა თუ ის ცხოვრების წესი. ეს საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც ამ კანონით იზღუდება, ეს არის პროპაგანდა. არავის ვეხებით, ვერც შევეხებით და განვსჯით ვერავის, ვინმეს მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, არის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის დაკისრება, მაგრამ ადამიანის მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. შესაბამისად, ეს არ არის არც ამ კანონის საქმე და ეს არ წერია კანონში. ერთადერთი, რაც ამ კანონით იზღუდება, არის ის უხეში პროპაგანდა, რომელმაც მძიმე შედეგებამდე მიიყვანა საზოგადოებები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში.
იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მძიმე სტატისტიკა. ტრადიციულად, 2-3% თუ იყო ლგბტ პირების რაოდენობა, არა მარტო მათი რაოდენობა, ვინც საჯაროდ აცხადებდა, ლგბტ პირების რაოდენობა, რაც დადგენილი იყო კვლევების საფუძველზე, იყო 2-3%, დღეს ამ ქვეყნებში, 18-25 წლის ახალგაზრდებში სტატისტიკა უკვე შეადგენს დაახლოებით 20%-ს. 26-32 წლის ახალგაზრდები რომ ავიღოთ, სტატისტიკა შეადგენს 7%-ს. წარმოიდგინეთ, რომ, პროპაგანდის ხარჯზე, შვიდწლიან ინტერვალში სამჯერ გაიზარდა ლგბტ პირების რაოდენობა ამ საზოგადოებებში. ჩვენ არ გვინდა ამის დაშვება სხვადასხვა, მათ შორის, პრაგმატული მიზეზების გამო. ისედაც გვაქვს პრობლემები დემოგრაფიის კუთხით და არ გვინდა, კიდევ მეტად დავამძიმოთ ჩვენთან ვითარება ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე.
„ადამიანები მარტივ ჭეშმარიტებაზე გვეუბნებიან, რომ არ ვარგა. გვეუბნებიან, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას სჯობს „ენჯეოების“ ბუნდოვანება. მარტივად რომ დავიყვანოთ ერთ მესიჯამდე, რასაც რუსულ კანონს უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ?! თავი დავანებოთ იმას, რომ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი კანონები, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. მარტივ მესიჯამდე დადის ეს ყველაფერი, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება, ამას ევროპელი ან ამერიკელი გეუბნებოდეს?! დარწმუნებული ვარ, ბოლო ცვლილებების შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, პირველ რიგში, ეს მიდგომებიც შეიცვლება და ამ მარტივი ჭეშმარიტების გამო საქართველოს ხელისუფლებას აღარავინ გაკიცხავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.