ირაკლი კობახიძე - რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას
არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, – ამის შესახებ პარტია პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ამას მიეჩვია, როგორც საპრეზიდენო არჩევნების პირველი ტურიდან, ასევე წინა არჩევნებიდან.
პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინოს.
„ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.
როგორც ჩანს, ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონის დარღვევა დაფიქსირდა რუსთავში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას.
„გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები – მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი, ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
„ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები აქვთ გამოტანილი.
„გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან. ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნას აგრესიული ფონი.
„ეს არის დაბალი კულტურისა და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც მიჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან.
მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მან ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.
„10:00 საათის მონაცემებით აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის. მაღალი აქტივობის ხარჯზე ჩვენ შევძლებთ, საკადრისი პასუხი გავცეთ სიცრუეს, აგრესიასა და ძალადობას, რომელიც მოედინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ, მოედინება დღესაც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე.