ირაკლი კობახიძე - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ
„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასე უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დაგმოს „ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა“, კობახიძის თქმით, ლავროვმა განცხადება ანტირუსულ ისტერიკაზე გააკეთა.
„რაც შეეხება ლავროვს, თუ არ ვცდები, მან გააკეთა განცხადება ანტირუსულ ისტერიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც წარმოებს რუსეთთან მიმართებით. რა თქმა უნდა, წითელი ხაზების გათვალისწინებით და წითელი ხაზები უკავშირდება ბუნებრივია, ოკუპაციის თემას და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას. ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, თუმცა ჩვენი პოლიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, პრაგმატული, რაციონალური“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ამოცანები აქვს.
„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, თუ ვინმეს უნდა, დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები, ბუნებრივია, აქ ჩვენს მოწოდებას აზრი არ აქვს. არის კონკრეტული პარტია, პარტიები, ერთი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ამოცანები, რაც არ უნდა მოვუწოდოთ, რომ სხვანაირად იმოქმედონ, ისინი საკუთარ კურსს არ შეცვლიან“, – განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში 7 ივლისს საზოგადოებამ მოისმინა, მიუღებელი იყო.
„ეს არ იყო ჟურნალისტური ნაბიჯი, ეს იყო ნაბიჯი, დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ამ ქვეყანაში ვითარების არევა სურს, უნდა, ზიანი მიადგეს სახელმწიფოს, მოსახლეობას. გარკვეულწილად, სამწუხაროდ მათ ამ მიზანს მიაღწიეს. ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“ და გიორგი გაბუნია იყო მხოლოდ ინსტრუმენტი, რეალურად ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. ნაწილობრივ ამ პოლიტიკურმა ძალამ თავის მიზანს მიაღწია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავუბრუნდეთ სტატუსკვოს, რომელიც იყო დაახლოებით ერთი თვის წინ და ეს არის ჩვენი ამოცანა. შესაბამისად, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.