ირაკლი კობახიძე - რუსი დეპუტატის თავმჯდომარის სკამში ჯდომა იყო მძიმე მოვლენა, ამის გათვალისწინებით მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება
რუსი დეპუტატის თავმჯდომარის სკამში ჯდომა იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ამის გათვალისწინებით მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ, თავად მიიღო.
„20 ივნისს პარლამენტის შენობაში მომხდართან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პასუხისმგებლობა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვიყავი სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის გადაწყვეტილების გახმოვანება არ არის სწორი. შესაბამისად, შევწყვიტე ვიზიტი, დავბრუნდი, შედგა მსჯელობა და გადადგომის ინიციატივა ჩემი იყო. პირველ რიგში ჩემი ინიციატივა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე. რაც შეეხება იმას, რაც შენობის გარეთ ხდებოდა, დეტალებში არ შევალ, თუმცა მთავარია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რაც არის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. ამაზე პასუხი უნდა იყოს ზუსტი. ყველაზე მძიმე იყო ადამიანების ფიზიკური დაზიანება, თვალის დაკარგვა. ამაზე საუბარი ძალიან მძიმეა, თუმცა რაც შეეხება ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების პასუხს, ეს იყო უალტერნატივო. თუ დადგინდება, რომ გადაცდომად ჰქონდა ადგილი, ამას პასუხი გაეცემა. ჩვენი პოზიციაა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.