ირაკლი კობახიძე - რუსეთს თუ რამე მტკიცებულებად შეუძლია წაიღოს ჰააგაში, არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“
ირაკლი კობახიძე - რუსეთს თუ რამე მტკიცებულებად შეუძლია წაიღოს ჰააგაში, არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“

რუსეთს თუ რამე მტკიცებულების სახით შეუძლია წაიღოს ჰააგის სასამართლოში, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ამაზე რანაირად შეიძლება ხელი მოაწერო და მერე სხვას ელაპარაკო ამაზე. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ის, რაც მაშინ გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იყო დანაშაულზე დანაშაულის დამატება, ღალატზე ღალატის დამატება. როდესაც პირი გიბრუნდება და ახლა სხვას აბრალებ იგივეს, ეს არის უტიფრობა და მეტი არაფერი. ამაზე მძიმე დანაშაულს საქართველოში ვერავინ ჩაიდენს. სწორედ ამის შედეგია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით დევნილი ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დაადასტურებენ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ  დაადასტურა, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმა მისცეს, აგვისტოს ომზე მართლაც არის საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი მუხლი.