ირაკლი კობახიძე - რუსეთს მთავარი მტკიცებულება დაუდო „ნაცმოძრაობამ“, როცა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს დოკუმენტს და დაეთანხმა ტალიავინის დასკვნას, ამის იქით არავითარი დოკუმენტი რუსეთს არ სჭირდება
სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი და ეს არის მისი ბრალეულობა. ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ, განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის ბრალეულობა რუსეთის ბრალეულობას არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს.
„რაც შეეხება ბრალეულობას, სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პირობებში, როცა ჩვენ შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ სააკააშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე. რეალურად მოხდა მარტივი რამ – სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი და ეს არის მისი ბრალეულობა. ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ, განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორის ბრალეულობას არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს. ანუ, ბრალეულობა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით არის ნათელი, „ნაცმოძრაობის“ დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, – „გრძნობთ თუ არა უხერხულობას, რომ რუსეთის წარმომადგენელი ციტირებს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას?“ – კობახიძემ აღნიშნა: „ეს არ არის საინტერესო. რეალურად, მთავარი მტკიცებულება რუსეთის ფედერაციას დაუდო „ნაცმოძრაობამ“, როცა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს დოკუმენტს და როცა დაეთანხმა ტალიავინის დასკვნას. ამის იქით არავითარი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციას არ სჭირდება“.