ირაკლი კობახიძე - რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი არის 0.3%, შესაბამისად, სანქციების დაწესებას ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა, ჩვენ კი, სულ მცირე, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა
მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ეკონომისტების დათვლით, ქვეყანაში იქნებოდა ეკონომიკის 10%-იანი ვარდნა პირველივე წელს, პესიმისტური სცენარის პირობებში კი მინუს 18%, რაც ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა.
„ეკონომიკურ სანქციებს რაც შეეხება, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოყვებოდა საპასუხო ნაბიჯი. იმ დღეებში ჩვენ ეკონომისტებს ვთხოვეთ და მარტივად დაიანგარიშეს, რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება რუსეთთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთს ვერაფერს ვავნებდით. მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, ამით რა უნდა დაუშავო რუსეთს? ჩვენი მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესებას ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა. რაც შეეხება პირიქით ეფექტს, ვთხოვეთ ეკონომისტებს, დაეთვალათ და მათი დაანგარიშებით, სულ მცირე, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა პირველივე წელს და პესიმისტური სცენარის პირობებში, მინუს 18%-მდე შეიძლებოდა ასულიყო ვარდნა. შეგახსენებთ, კოვიდის დროს ვარდნა იყო მხოლოდ მინუს 6.5% და თითქმის გაჩერდა მთელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მინუს 10% და მით უმეტეს, მინუს 18% ვარდნა. ამას ითხოვდა ოპოზიცია ხმამაღლა, როცა დახურულ კარს მიღმა ვიღაცები ითხოვდნენ იმავეს, ვინ არ ვაკონკრეტებ, თუმცა საჯაროდ ეს მოთხოვნები ნაკლებად მოგვისმენია მაღალ დონეზე და როგორც იქნა ევროპარლამენტმა გაბედა და ეს თქვა საჯაროდ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს – რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე. ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მინუს 10%-ანი ვარდნა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ეს, საბოლოო ჯამში, იქნებოდა გზა ხელისუფლების შეცვლისკენ.
„იმდენად მასშტაბური იქნებოდა ეკონომიკური პრობლემები, რომ, რა თქმა უნდა, გამარტივდებოდა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც დასახული ჰქონდათ ამ ძალებს 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული. ეს იყო ხელისუფლების შეცვლა, რაც ორჯერ სცადეს, ერთხელ 2020-2021 წლებში, მეორედ 2022 წლის ივნისში, როცა უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია. რაც შეეხება მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას, ეს უკვე პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის ომში ჩართვას და მაშინ ძალიან დაგვეხმარა, სხვათა შორის, ბაიდენის და ჯონსონის განცხადებები – მათ თქვეს, რომ არა თუ თვითონ, საკუთარი ნებართვით არ აგზავნიდნენ უკრაინაში მოხალისეებს, განაცხადეს, რომ რეკომენდაციას არ უწევდნენ თავიანთ მოქალაქეებს, წასულიყვნენ უკრაინაში მოხალისეებად, რადგან არ უნდოდათ, ნატო გამხდარიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მხარე. ანუ რასაც თვითონ გაურბოდნენ და ერიდებოდნენ, იმას ითხოვდნენ ჩვენგან. ეს ხომ არქივში არსებობს. რეალურად იყო პირდაპირი ინტერესი, საჯარო ინფორმაციის გაანალიზებაც იძლევა უკვე ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას. რაც მერე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ესეც შეგვიძლია კიდევ ერთხელ ამ ჭრილში გავიხსენოთ, ვის სჭირდებოდა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის უარის თქმა კანდიდატის სტატუსზე, როცა მოთხოვნებიც კი არ იყო დაყენებული. შეგახსენებთ, რომ 12 პუნქტი, შემდეგ ცხრა პუნქტი იყო მომდევნო პერიოდის თემები, მანამდე მოთხოვნაც არ იყო დაყენებული. ჩვენ მარტის დასაწყისში შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში, ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ ავსახეთ არსებული მდგომარეობა დაახლოებით 5 000-გვერდიან დოკუმენტში და ეს არსებული მდგომარეობა არის ბევრად უკეთესი უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. მაშინ, როცა საქართველო იყო აშკარა ლიდერი ამ ოთხ ქვეყანას შორის, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჩვენ გვეთქვა უარი და ეს გამოიყენა მსხვილი „ენჯეოების“ კონკრეტულმა ჯგუფმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისათვის.
ესეც ხომ მარტივი გასაანალიზებელია. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან ნაბიჯები, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება. ასე ვიტყოდი, ეს კანონი ისიც კი არ არის, რასაც ჰქვია კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, ეს არის კანონი რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვამბობთ მარტივად ერთ რამეს, კი ბატონო, ვინმეს თუ უნდა, საქართველოში სცადოს რევოლუციის მოწყობა, სცადოს, მაგრამ ეს მცდელობა უნდა იყოს გამჭვირვალე. რეალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს წერია კანონში“, – განაცხადა პრემიერმა.