ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიმართ მივყვებით ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ
ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიმართ მივყვებით ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ

„განსაკუთრებული პრობლემები და გამოწვევები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელთაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვპასუხობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა მარტივი არ არის, თუმცა საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ პრაგმატული პოლიტიკით მიზნები მიღწეული იქნება.

„ჩვენ მივყვებით ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელიც ფართოდ არის მხარდაჭერილი და მიღებული ჩვენი დასავლეთ პარტნიორების მიერ. ამ პრაგმატული პოლიტიკით ვახერხებთ, მივაღწიოთ ეროვნული სტაბილურობის უფრო მაღალ დონეს საქართველოში. რაც ნიშნავს ამ პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმატებას.

მოვახერხეთ საგრძნობლად გაგვეზარდა სტაბილურობის დონე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ჩვენთვის, და ახლა გვაქვს უფრო მაღალი დონე ეროვნული სტაბილურობის, თუმცა ასევე წვლილი შეგვაქვს უფრო ფართო რეგიონალურ სტაბილურობაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის. თუმცა რუსეთის მიმართ ამ პრაგმატული პოლიტიკის ფონზე, ვხედავთ აგრესიის მატებას ოკუპირებულ რეგიონებში, ვგულისხმობ რუსეთის აგრესიას. გვაქვს სხვადასხვა სახის პრობლემა ოკუპირებულ რეგიონებში, ტენდენცია საკმაოდ უარყოფითია.

ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაზრდილ რაოდენობას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თვალს ვადევნებთ კონკრეტულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, რუსეთის ფედერაცია ხელს აწერს შეთანხმებებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. საზღვრების დადგენა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის და გადამკვეთი პუნქტების დახურვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილების შეზღუდვა მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები, რათა ადმინისტრაციულ საზღვრებში აფხაზებსა და ქართველებს, ასევე ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისთვის შეგვეწყო ხელი. როგორც ჩანს, რუსები ცოტათი შეშინდნენ და დაიწყეს გადაადგილების შეზღუდვა საზღვრის გარშემო. ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ეთნიკური პრობლემა აფხაზ ან ოს მოსახლეობასთან, ეს არის მხოლოდ პოლიტიკა, რაც აფუჭებს ყველაფერს, რუსეთის აგრესია, რომელიც აფუჭებს ყველაფერს ჩვენს ურთიერთობებში.

როდესაც აფხაზები და ოსები ჩამოდიან თბილისში ან საქართველოს სხვა ადგილებში, მათი მიღება ხდება სტუმართმოყვარეობით და რა თქმა უნდა, ეს ხალხის ხალხთან კონტაქტი და ურთიერთობები პოზიტიურ გავლენას ახდენს სიტუაციაზე ორივე ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით და ეს არის ის, რაც არ მოსწონს რუსეთის ფედერაციას და ეს არის მიზეზი, რატომაც რუსეთმა დაიწყო გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის ძალიან მძიმე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ჰუმანიტარული სიტუაცია ასევე არ არის კარგი ქართველებისთვის და არა მხოლოდ, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ორივე ოკუპირებულ რეგიონში. ასეთი არის სიტუაცია, ტენდენცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებს საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს. ეს ეხება სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონკრეტული ადამიანების უფლებებს. რა თქმა უნდა, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული და საერთაშორისო საზოგადოებას ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რუსული აგრესიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ განწყობებს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში ძალიან მაღალია.

„რაც შეეხება რუსული აგრესიის მიმართ განწყობას – ის ძალიან ნეგატიურია. ჩვენთვის გამოწვევაა რუსული პროპაგანდაც. გამოწვევები და პრობლემები რჩება და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას ამ მიმართულებით მოვლენების ნებისმიერი ტიპის ნეგატიური განვითარება თავიდან უნდა ავაცილოთ. კარგი ისაა, რომ მთავარი სოციალური და პოლიტიკური მოთამაშეები საქართველოში, მთავარი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების ჩათვლით – პროდასავლურია და ამას რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. გვწამს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი და ეს არის ამ მომენტში საქართველოს მთავრობის მიდგომაც. რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების ორ ფორმატს ვიყენებთ – ჟენევის დისკუსიების ფორმატს და ორი წარმომადგენლის ფორმატს. ამ ორი ფორმატის გამოყენებით, ჩვენ შევძელით ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ის უკიდურესად შეზღუდულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.