ირაკლი კობახიძე - რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური პროგრესის მიღწევა საკმაოდ რთულია, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია
რუსეთთან მიმართებით ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ, რასაც ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრაგმატულ პოლიტიკაზეც, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორია.
„საგარეო პოლიტიკის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც მტკიცე ურთიერთობა გვაკავშირებს და რა, თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ მოახდინა ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამ მხარდაჭერისა და მეგობრობისა, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობის დონე გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.