ირაკლი კობახიძე - რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა სტრასბურგის სასამართლოში დეპორტირებულთა საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება, როგორც მოგეხსენებათ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოღებული სასამართლოს მიერ სულ ცოტა ხნის წინ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სამომავლო საქმეებთან დაკავშირებითაც გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხს განიხილავს. საუბარია საქართველოს შვიდი მოქალაქის ინდივიდუალურ საჩივარზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობენ. საქმეში – „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა გამოავლინა.