ირაკლი კობახიძე - რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის
რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე – „რუსული რევანშიზმი – გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომების მიუხედავად, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით. ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე. მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყნების საზოგადოება ფუნდამენტურად შეცვალა და ეკონომიკა და ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, თუნდაც, ათი წლის წინ.
„თუმცა, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც სავსეა უსაფრთხოების გამოწვევებით. ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ზუსტად ამ მიზნით, საქართველოს სურს ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები სამეზობლოში და დასავლეთში. დასავლურ ერთა ოჯახში, ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვან წევრობას. საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, თუმცა საქართველოსათვის ეს ერთადერთი შესაძლო გზაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.