ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს - ეს არის საოცრების გაგრძელების მეორე სერია, დღეს ქართულ ენაზე ვდაობთ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნდობის ჯგუფის წევრად სალომე სამადაშვილის კანდიდატურას წარადგენს. შესაბამისი წარდგინება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე სამადაშვილის წარდგენისას არის იურიდიული პრობლემა.
„ნდობის ჯგუფის წევრი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ნახევარზე მეტმა უნდა წარმოადგინოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 14 დეპუტატი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ, კანდიდატი არის წარმოდგენილი შვიდი დეპუტატის მიერ. კანონის მოთხოვნა არ არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კანონში სიტყვები – ნახევარზე მეტი არ წერია.
„შარშან უმეტესი იყო ნახევარზე მეტი და ახლა ქართული ენის განმარტებაში ვერ შევალ, წელს არ შეცვლილა არაფერი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძეს.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნახევარზე მეტი არ ნიშნავს რვა დეპუტატის მხარდაჭერას.
„აქ წერია, რომ თუ ერთმა ჯგუფმა მოაგროვა ექვსი ხმა და მეორემ შვიდი, ამ შემთხვევაში მეტის მიმღებს აქვს უფლება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ბატონო რომან ეს არის საოცრების გაგრძელების მეორე სერია. დღეს ქართულ ენაზე ვდაობთ“, – მიმართა კობახიძემ რომან გოცირიძეს.