ირაკლი კობახიძე - მე რომ გავიდე რუსთაველის გამზირზე და ხელით შევეხო შსს-ს წარმომადგენელს, ან შევაგინო, ჩემ მიმართაც იქნება გამოყენებული ზომები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრი გიორგი გახარია ნებისმიერ დროს მზად არის, კითხვებზე პასუხის გასაცემად.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, დეპუტატებს შეუძლიათ დამატებით დაინტერესდნენ და გიორგი გახარიას დაუსვან კითხვები.
“ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრისგან განმარტება, რა გახდა საფუძველი და რა მოხდა რეალურად. ჩვენ შეგვიძლია დავინტერესდეთ დამატებით, რომ კითხვები დავუსვათ ბატონ გიორგი გახარიას. როცა საქმე ეხება კითხვებზე პასუხების გაცემას, ის ყოველთვის გახსნილია. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი მზად არის კითხვებზე პასუხების გასაცემად. არსად არავინ იმალება, არც ჩვენ და არც ბატონი გიორგი. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე მე მივიღე ინფორმაცია, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებული ყველაფერი ასახულია კამერებზე. შესაბამისად, შეგვიძლია ერთად დავრწმუნდეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას და შეეხნენ თუ არა ხელით შს სამინისტროს წარმომადგენლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა სამართალდამცველებს და ა.შ. რაც შეეხება ზოგადად ლოკაციის შეცვლას, მე რომ გავიდე ახლა რუსთაველის გამზირზე და ხელით შევეხო შსს-ს წარმომადგენელს, ან რომ შევაგინო, ბუნებრივია, ჩემ მიმართაც იქნება გამოყენებული ზომები, მთავარია, ეს არ იყოს დაკავება, რასაც ზღუდავს კონსტიტუცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. ეს არის მთავარი, თორემ განრიდება და ლოკაციის შეცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. შეგვიძლია დამატებით დავინტერესდეთ, რა და როგორ მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.